დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა
პოემა
ზაურ ნოზაძე 1995 წელი მოძვი -თბილისი
ერთად შევკრიბე გაბნეული დღეს ჩვენს სოფელში
ძველი ამბავი ჩაძირული მოგონებებში,
და თუ შევძელი, თუ შეკრებილს თავი მოება;
დაიწერება ალბათ ერთი კარგი პოემა.
* * *
მთვარე არა ჩანს, ირგვლივეთი კუპრიანია,
და ბნელი ღამეც ეშმაკისთვის უპრიანია,
მიდი – მოდიან, ხარხარებენ შავი ლანდები
და შიშით ფარდებს იფარებენ შუშაბანდები
რამ გადარია ეს დაირა ლოყა- ჟღარუნა?
თვით მოჩვენებებს გაუმართავთ ხიდქვეშ მარულა,
უეცრად ლანდებს შეაცივდათ ხელში ვახშამი,
თითქოს მხედარი შემოიჭრა ბნელში მაშვრალი.
ამოვთავთავდა, მთების წვერზე დადგა ზვიადად
და ალმასებიც თვალებიდან გადმოდიადდა.
მთვარემ ზევიდან მშვენიერი სხივი მოჰფინა
სოფელს და, ლანდი ხეს აეკრა დედიშობილა,
და როცა სხივი დანაწილდა, ირგვლივ
დალაგდა,
წყაროდან მთვარემ უწვერული ვაჟი
დალანდა. . .
ვაჟთან ვინ არის? ვაჟის გულის ჭიაკოკონა
ო, ეს თიკოა, მთვარეც იცნობს ლამაზ გოგონას,
“მიყვარხარ თედო” – ჩურჩულებენ თიკოს ტუჩები,
სითბოს ეძებდა ახლა თიკო, კოცნას უჩვევი
მათი შემყურე ძეწნებიც კი დადგნენ ფესვმტკიცედ,
როცა ერთმანეთს სიყვარული კოცნით შეჰფიცეს.
მთვარეა მოწმე და ის მთვარე თვალებანკარა
რომ კოცნის გემო დღეს გაიგო ორმა პატარამ.
* * *
ვარსკვლავთა შუქმა; მთვარიანი ზეცის ხავერდში;
ქნარმონანავე მწვანე მოლის სისადავეში
მიაცილებდა თედო თიკოს თბილი ჟრიალით,
მიაცილებდა მათ ცხელ გულებს სიოს შრიალიც.
გამოეთხოვნენ ცხელი კოცნით ერთურთს ბავშვები
ხვალის შეხვედრით, სანეტარო ხვალის იმედით . . .
იგრძნო ორივემ, როდესაც მზე მთვარეს დაშორდა,
რომ თითქოს სადღაც, სადღაც გაჰქრა მათი ბავშვობა.
მოსდევდა თედოს ტრფობით სავსე თვალთა მუდარა,
შეუმჩნეველი დარჩათ წყვილებს ლანდის მუქარა,
დუმილი ახლდა მაღალ ზეცას ჭკვიან თვალებში,
გარინდულიყო შუაღამე – შუაღამეში . . .
* * *
არ ეძინა ახლა თედოს, ძილი გაუკრთა;
რა დააძინებს, შარშანდელი ნატვრა აუხდა
პირველად შეხვდა იგი შარშან თიკო სავანელს
ერთი წელია გულში ტრფობა რაც ცრემლს ავანებს
თიკოა, თედოს სიყვარული, გულის რაშია;
თიკოს მშვენება ათას ქალში ამოარჩია . . .
არც თიკოს სძინავს, იგიც ახლა ტრფობის ალშია,
თედოს კოცნისგან ქალი ისევ ჩუმ ჟრიალშია . . .
უყვარს, ან რა ჰქნას; ისიც დასწვა თედოს მშვენებამ;
თვალდახუჭული თედოს თვალებს კვლავ ეფერება . . .
* * *
დილაც მობრძანდა, უკვე დასძრა სხივთა გიდელი
ნათელი გზაზე დატყვევებულ ეშმაკს მიდევნის
ლამაზ გვირგვინით მთა გავს ახლა ოქროს გუდიანს –
გაბრწყინდა ველი, ხვთისნიერი კარგი დარი დგას;
ბაღში ყაყაჩო ათასფერად მომარგალიტდა,
მიდამო უთვლელ ფერიათა ხმებით აივსო,
მაგრამ ბუნება ვის ახარებს სამარადისოდ?
დიდი ხანია წამომდგარა ფეხზე სოფელი,
მაგრამ ცხვარ - ძროხას ორღობეში არვინ მოდენის
მწარე ქვითინი არე – მარეს უვლის ჟრუანტლად;
მიუახლოვდა სიმძიმილი სოფელ შუამთას
ტირის სტუმარ – თიკოს დედა, თავს ქვას ახლიდა . . .
ისმის მოთქმა და ვაივიშიც თედოს სახლიდან
შავმა Eღრუბელმა გადმოხედა სოფელს მაღლიდან,
თიკო და თედო წყაროს პირთან ლანდმა გაჰყიდა.
* * *
თოთქოს ჩაცხრა და სოფლის კვნესა თითქოს ჩაწყნარდა,
თიოთქოს სიმშვიდე გულებიდან ამოთავთავდა,
მაგრამ ვაების სიახლოვე იგრძნო ქვეყანამ
და სევდის ნისლი ზეცას უცებ გადაეფარა,
მწუხრმა მოიცვა დაიბინდა ვარდთა კრებულიც:
დედას მიჰყავდა თიკო, თუ მზე გაფითრებული;
და დუმდა, წყაროც დაჰკარგოდა საწყალს წკრიალი,
დარდობდა ძეწნაც, გუშინ ამ დროს ხალისიანი,
იწვა ნისლი და, მზე იწვოდა ნისლში ფთილებად
და თიკოს ტყიდან თედოს ცრემლი მიაცილებდა,
თედო თხუთმეტის იყო მაშინ, თვალად საყვარელს,
ცამეტ წელიწადს მზე უთვლიდა თიკო სავანელს.
* * *
ჩაქრა ნათელი და სიცოცხლე ჩალად უღირდა,
ჯავრობდა თედო ბედი უცებ რომ აუხირდა.
ჩიტების სტვენა არ ატკბობდა სულის იარებს,
ფიქრობდა აწი ფოთოლიც არ გაიშრიალებს . . . .
არც მზე ამოვა, არ მექნება დილა მზიანი
და ცრემლს იშრობდა მუხის ხავსით გულდარდიანი
როცა აივსო მოთმინების ფიქრთა კალათა,
გონის გულიდან საღმა აზრმა გამოანათა;
ამასობაში დამდგარიყო კიდეც საღამო
და ჩიტების ხმაც მოეჩვენა თედოს საამოდ.
* * *
შუა გულ ტყეში, ქორის თვალიც რომ ვერ მისწვდება,
სადაც ლამაზი ფიჭვებია მწვანე წიწვება,
შეკრებილიყო თითქოს ერთად შვიდი არსება,
ჰქონდათ კამათი, აზრთა გაცვლა, გაბაასება,
რომ სათითაოდ თავის აზრი ყველამ გამოთქვა,
როცა კაი ხნით სიჩუმე და კრძალვა ჩამოდგა,
ადგა უფროსი, მთვარის სხივზე წარბი აზიდა,
და თქვა, რომელსაც იწონებდა მათი აზრიდან,
ესიმთასიმა გაზაფხული დარდით მოღობილს,
მყის გაიშალა თედოს გულში ვარდის კოკობი.
* * *
იდგა საღამო, ღამიოსკენ ოდნავ მიხრილი,
როდესაც ყანას შეესია ცხენთა ჭიხვინი
წვიმდა, წვიმაში სველი მიწა ნალქვეშ იჭრება,
უჭირდათ ცხენებს კვახზე ფეხის გადაბიჯება
სველი კაცები გულში დარდებს ვეღარ მალავდნენ,
მიადგნენ ჭიშკარს და უფროსის გვერდით დალაგდნენ,
დადგნენ მხედრები, კიბეს იქით მურა განრისხდა,
ჭაღარა პაპაც ჭიშკრის ახლოს მოდარბაისლდა,
პაპის ჭაღარამ დაუმშვიდათ თითქოს გულები
და კიდეც მოლბნენ, ზეცასვით მოქუფრულები
თქვა თიკოს მამამ: -წუხელ თედომ ქალი მომტაცა
თედოს არ ვწუნობ, უფრო მეტად ჯავრმა მომქანცა,
და მე მაჟამად სიძის სისხლი კი არ მწყურია:
იცოდეთ, თიკო თვით თავადის დანიშნულია,
თუ რა მოჰყვება ალბათ ხვდებით თედოს საქციელს,
მე ვაპატიე, მაგრამ იგი არ აპატიებს,
ნათესავებში, აქედან შორს იქნებ დამალოთ,
ეს თქვა და მყისვე დატრიალდა თავის ამალით . . .
ისევ ისმოდა შუამთაში ცხენის ფეხის ხმა . . .
* * *
და თედოს პაპას ახლა გულში რაღაც ენიშნა:
ღამეა . . . , მხედრებს რწმენა ურჩენს გულის იარებს,
გასცდნენ რკვიანს და კორბოულიც გადაიარეს,
მიდიან ჩუმად, ხმამაღალი სიტყვის გარეშე,
ხანდახან ცაზე ვარსკვლავი თუ გაითამაშებს;
ორი დღის შემდეგ მიაღწიეს სოფელ ფონას და,
ბუხრიდან ახლა საიმედო კვამლი ბოლავდა,
დაეცა სუფრა, ქართულად და თასით შესასმელს,
ღვინოს ღიღინით არიგებდა ჩაფი მკერდსავსე,
თედო და თიკო შეიფარა სოფლის პატრონმა –
ახლა ცოლ- ქმარის სამოსახლოს მზე დანათოდა
საშუალონი, არც საწყლები და არც მდიდრები
თედო და თიკო ასე გახდნენ ფონას მკვიდრები.
* * *
დრო მიდიოდა, . . . სოფლის თვალი თიკო გახდა და
მის გვერდით ერთმა ლამაზმანმაც ვერ იბაღდადა,
მზის სადარებელს ბუნება და ღმერთი სწყალობდა
ყველა აქებდა მის სინდისს და კაი ქალობას,
თედოც დამშვენდა, დადგა მართლა კაი ქართველი
და სარგებლობდა პირნათელი კაცის სახელით:
როდესაც ცოლ – ქმარს წაიღებდა მწარე ფიქრები,
მყისვე ერთმანეთს ამხნევებდნენ თბილი სიტყვებით:
სულ თვალწინ ედგათ ჩუმი მოდგმა გოგო – ბიჭების
და შუამთაში დარჩენილი მწვანე ფიჭვები . . .
ხედავს – მიწისძვრამ თუ რა უცებ მიშალ – მოშალა
და ნანგრევებით ამოავსო სოფლის ორშარა,
ხედავს: - შუამთა მოვარდნილმა წყალმა დაფარა
და უცებ სოფელს დავიწყება ეთავსაფარა,
ისმეს გოდებას, ვერ გაეგო რა ხარხარებდა
ნასახლარებთან და ნამარნალ- ნაქვევრალებთან,
სურს გაღვიძება, სიზმარში მყოფს, იმალებიან,
ისევ სიზმარში სიზმარს ხედავს:- მღვიძარია და . . .
დაეძებს დედის, მამის, პაპის – პაპის ნაწერში:
ვერაფერს აგნებს წასულ წელთა ფოლიანტებში.
ვერ მიმხვდარიყო, მზე უკუღმა რატომ დაბრუნდა;
შუამთა რატომ დატყევდა და გაუდაბურდა
გამოეღვიძა მოიყუდა პირზე სურა და . . .
იგრძნო მოხუცმა ჭირის ოფლში რომ დაცურავდა,
დახედა თიკოს, მოკრძალებით თავი დახარა
და მიეფერა შუბლზე დაყრილ ცოლის ჭაღარას . . .
* * *
რა ექნა მოხუცს, თავის სოფლის მიწა ეძახდა . . .
ცრემლი ხეხილთა, ბალახის თუ ცრემლი ვენახთა . . .
შუამთას ახლა დავიწყების ფერფლი ფარავდა,
სამოცი წლის წინ დაანგრია დიდმა თავადმა,
სოფლის მკვიდრები ხანჯლის წვეერით მიფანტ – მოფანტა.
თიკოს გულისთვის სოფელს გული სულ ამოჰფატრა,
და თედოს წყაროს ცივ ლოდებსაც დღესაც აფარებს
თიკოს სიყვარულს თავის გულში დღესაც ატარებს . . .
იცის მოხუცმა ცოცხალია დღესაც თავადი,
ძლივს დაემალა თიკოსათვის ხელად გავარდნილს,
როგორ დაბრუნდეს, ვის შესთხოვოს ახლა ნება, ვის?
წასვლა მისი საქმე იყო დაბრუნება კი . . . .
* * *
ვარდთა სურნელში თავადურად იჯდა თავადი
და ერთობოდა მიმინოთა ცაში ნავარდით,
ციდან ნელიად ეშვებოდა სხივთა სინაზე,
დიდი თავადი ბრძანდებოდა კარგ ხასიათზე,
და ჰკადრეს დიდი მოწიწებით ენა მზეობით,
სოფელ ფონიდან გეახლენო ნოზას ძეები.
ბრძანა მიღება, მოსვენება თუმცა ეწადა,
ადგა მშვიდად და სასახლეში დინჯად შებრძანდა . . .
* * *
იგრძნო თავადმა გარდასული წლების სიახლე,
თედო და თიკო მოწიწებით როცა ეახლნენ,
იცნო თიკო და მთლად ათრთოლდა ფიქრებაშლილი,
და გაუშტერდა მოხუცს თვალი ცრემლით ავსილი,
ეს წუთით მოხდა, თავადურად თავს მოერია,
თქვა რას ინებებთ? – ხმაში თრთოლვა გამოერია:
დიდო თავადო, უფლის ნებით, გრძნობათბილები
ვცხოვრობთ ფონაში შვილებით და შვილიშვილებით.
სამოცი წლის წინ ჩვენ საყვარელ სოფელს დავშორდით,
შუამთაშია ნაკვალევი ჩვენი ბავშვობის,
ჩვენ ფონაც გვიყვარს, უმისოდ გული გვიკვდება,
მაგრამ შუამთა თუ აღდგება კარგი იქნება,
თუ დაგვრთავთ ნებას დავბრუნდებით შუამთაში და
მივხედავთ სოფელს, სანამ ხსოვნა სულ არ წაშლილა,
ეს თქვა თედომ და მავედრებელ თვალით შეხედა,
თვალთაგან ცრემლი ჭაღარა წვერს ჩამოეღვენთა:
* * *
სიჭაბუკეში გულმაგარი მუხა ვიყავი
ბედის ტრიალმა დამამწუხრა თავის სიშავით,
ხანდახან მართლა ცეცხლი ვიყავი, ცეცხლი ბრიალა,
ეს სიყვარულის ბრალი, იყო, ჩემი კი არა,
ალალი იყოს თქვენთვის მზე და სოფლის ბარაქა,
იმ მოძველებულ ადგილს ახლა მოძვი დავარქვით;
იქნებ ტკივილი გამიყუჩოს მოძვის ხსენებამ.
ძველმა სახელმა დამიკარგა მე მოსვენება . . .
სოფლის ბედ – იღბალს მეც განვიცდი დღეს მწუხარებით,
მიდით დასახლდით; მეც აქედან დაგეხმარებით:
* * *
თედო და თიკო თბილი სიტყვით გულებს ითბობდნენ,
მადლობა უთხრეს თავადსა და დაემშვიდობნენ,
მობრუნებულმა უნებურად კედელს ახედა,
გაშრა თედო და დაბნეული თითქოს გახევდა:
მუხლებში ძალა სულ წაერთვა ახლა თიკოს და
მთრთოლვარე ბაგით რაღა ეთქვა აღარ იცოდა
ნათელს აფრქვევდა თიკო, თუ მზე ცისფერ კედლიდან
ნახატი თითქოს დადიოდა, კი არ ეკიდა . . .
ამოესირმა ბროლის მკერდი ოქროს დალალებს
ცამეტი წელი ამშვენებდა თიკო სავანელს . . .
დიახ ეს იყო სიყვარული, გრძნობით ნახატი . .
იდგა ფეხზე და ცრლემში იჯდა დიდი თავადი. . . .
* * *
ურმის ჭრიალმა უპატრონო ღამე გაცრიცა,
ცხენის ჭიხვინმა სოფლის დილა გამოაღვიძა,
სამოცი წლის წინ ჩარაზული ზეცა განათდა,
ბებერი ფიჭვიც სიხარულის ცრემსლ ვერ მალავდა . . .
სოფელს მოადგნენ მზე და მთვარე გულგაშლილები,
ათი ვაჟკაცით, შვილებით და შვილიშვილებით,
გათბა მიდამო, წყაროს ბაგეს სხივი ჰკოცნიდა,
ხარობდა სოფლის სიხარულით მაღლა უფალი,
ასე დაერქვა მოძველებულ ადგილს მოძვი და
სოფლის სიცოცხლეს დღეს აგრძელებს ათი უბანი.
daweret komentarebi :)
ReplyDelete